გამარჯობა, ბავშვებო!

ამ ბოლო დროს ძალიან დავინტერესდი კოსმოსით და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, რაც გავიგე ჩვენი დედამიწისა და მზის სისტემის დანარჩენი პლანეტების შესახებ!

ცაში როცა ვიხედებით, იქ მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს ვხედავთ. მაგრამ, გარდა ამისა, კოსმოსში პლანეტებიცაა. კოსმოსი უსასრულო სივრცეა, მისი საზღვრების წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ხოდა, პლანეტებიც კოსმოსის მობინადრეები არიან. პლანეტა უძველესი ბერძნული სიტყვაა და ქართულად „მოხეტიალე ვარსკვლავს“ ნიშნავს. პლანეტები, მართლაც, მოძრაობენ თავისი ორბიტის გარშემო. სწორედ ამის გამო დაარქვეს მათ „მოხეტიალე“.  ისინი ძალიან საინტერესო ციური სხეულებია, მაგრამ ბოლომდე შესწავლილი არაა, ამიტომ მათ ასტრონომები დედამიწიდან აკვირდებიან და სწავლობენ იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტი ვიცოდეთ მათ შესახებ. 

მზის სისტემაში სულ რვა პლანეტაა. მოდი, ერთად გავეცნოთ მათ:

მერკური

მერკური

მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე და მზის სისტემაში ყველაზე პატარა პლანეტაა. მისი რადიუსი მხოლოდ 2,440 კმ-ია. მას მზის გარშემო შემოსატრიალებლად დედამიწის 88 დღე სჭირდება და ამასთან, ამ პერიოდში, ის საკუთარი ღერძის გარშემო მხოლოდ ერთნახევარჯერ შემობრუნებას ასწრებს. ამრიგად, მისი ერთი დღე გრძელდება დედამიწის დაახლოებით 59 დღე. მერკურის დანახვა დედამიწიდანაც შეიძლება ადრე დილით ან შებინდებისას. მის ზედაპირზე მეტეორიტების დაცემისგან გაჩენილი დიდი ღრმულებია და იქ სიცოცხლე არაა, რადგან მასზე არ არის წყალი, დღისით ძალიან ცხელა, ხოლო ღამე კი ყველაფერი იყინება. მის ატმოსფეროში აღმოჩენილია ნატრიუმი, ჟანგბადი, ჰელიუმი, კალიუმი, წყალბადი და არგონი. მას საკუთარი თანამგზავრი არ გააჩნია.

ვენერა

მასითა და რადიუსით ძალიან ჰგავს დედამიწას, ამის გამო, მას ხანდახან „დედამიწის დას“ ეძახიან. ის მეორე პლანეტაა მზიდან და მისი ატმოსფერო თითქმის მთლიანად ნახშირორჟანგისგან შედგება. მას ხან დილის, ხან კი საღამოს ვარსკვლავს უწოდებენ, რადგან ის პირველია ვარსკვლავებიდან, რომელიც ჩანს მზის ჩასვლის შემდეგ, ისევე როგორც გამთენიისას, ის კვლავ ხილული ხდება მაშინაც კი, როდესაც ყველა სხვა ვარსკვლავი ქრება მხედველობიდან.  ვენერა მოძრაობის დროს დედამიწას სხვა პლანეტებზე მეტად უახლოვდება ხოლმე. მისი ზედაპირის ტემპერატურა მერკურისაზე მაღალია და 475 ° C- ს აღწევს. ის ყველაზე დინჯი პლანეტაა – ვენერას დღე გრძელდება დედამიწის 243 დღე, რაც თითქმის უტოლდება ვენერას წელიწადს – დედამიწის 225 დღეს. მასაც, მერკურის მსგავსად, საკუთარი თანამგზავრი არ გააჩნია.

ვენერა
დედამიწა

დედამიწა

ის პლანეტაა, რომელზედაც ჩვენ ვცხოვრობთ. მესამე პლანეტა მზიდან და ერთადერთი ჩვენს სისტემაში, სადაც ზედაპირზე არის თხევადი წყალი, რომლის გარეშეც პლანეტაზე სიცოცხლე ვერ განვითარდებოდა, ყოველ შემთხვევაში იმ სახით, რაც ჩვენ დღესდღეობით ვიცით და გვაქვს. დედამიწის რადიუსი 6371 კმ -ია და, ჩვენი სისტემის დანარჩენი ციური სხეულებისგან განსხვავებით, მისი ზედაპირის 70% -ზე მეტი დაფარულია წყლით. დანარჩენი სივრცე დაკავებულია კონტინენტებით. დედამიწის კიდევ ერთი მახასიათებელია პლანეტის მანტიის ქვეშ დამალული ტექტონიკური ფირფიტები. ამავე დროს, მათ შეუძლიათ გადაადგილება, თუმცა ძალიან დაბალი სიჩქარით, რაც დროთა განმავლობაში იწვევს ლანდშაფტის ცვლილებას. დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო 1 ბრუნის გაკეთებას თითქმის 24 საათი ანდომებს, ხოლო სრული ორბიტალური ბრუნი გრძელდება 365 დღე, რაც გაცილებით მეტია უახლოეს მეზობელ პლანეტებთან შედარებით. დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარეა.

მარსი

მეოთხე პლანეტაა მზიდან, დედამიწიდან მოწითალო ფერის ჩანს და მას „წითელ პლანეტასაც“ უწოდებენ. მარსზე ძალიან ბევრი ვულკანია და მისი ზედაპირი ძალიან მთაგორიანია, რადგან ვულკანის ამოფრქვევების შედეგად მასზე მთები ჩნდება. 1960 წლიდან მარსს აქტიურად იკვლევდნენ რამდენიმე ქვეყნის მეცნიერები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევა წარმატებული არ იყო, ზოგიერთ რაიონში ნაპოვნი წყალი მიგვითითებს იმაზე, რომ მარსზე პრიმიტიული სიცოცხლე არსებობს, ან არსებობდა წარსულში. მარსის სიკაშკაშე საშუალებას გვაძლევს დავინახოთ იგი დედამიწიდან ყოველგვარი მოწყობილობის გარეშე. უფრო მეტიც, ყოველ 15-17 წელიწადში ერთხელ, ის ცის ყველაზე კაშკაშა ობიექტი ხდება და ჩრდილავს იუპიტერს და ვენერასაც კი. მისი რადიუსი დედამიწის თითქმის ნახევარია შეადგენს 3390 კმ-ს, მაგრამ წელიწადი გაცილებით გრძელია – 687 დღე. მას გააჩნია 2 თანამგზავრი – ფობოსი და დეიმოსი.

მარსი
იუპიტერი

იუპიტერი

მზიდან რიგით მეხუთე  და უდიდესი პლანეტაა ჩვენს სისტემაში. მისი რადიუსი 69912 კმ -ია, ის 19 -ჯერ აღემატება დედამიწას და 10 -ჯერ უფრო პატარაა, ვიდრე მზე. იუპიტერზე წელიწადი მზის სისტემის პლანეტებს შორის ყველაზე გრძელი არ არის, ის გრძელდება 4333 დედამიწის დღე (დედამიწის თითქმის 12 წელი), ხოლო დღის ხანგრძლივობა, დაახლოვებით დედამიწის 10 საათია. იუპიტერი რომაელთა მთავარი ღვთაების სახელია. სწორედ მის საპატივცემულოდ ეწოდა ყველაზე დიდ პლანეტას ეს სახელი. იუპიტერს 67 თანამგზავრი გააჩნია. მათგან ყველაზე დიდები კალისტო, განიმედე, იო და ევროპა არიან. განიმედე არის ყველაზე დიდი თანამგზავრი მთელ მზის სისტემაში, მისი რადიუსია 2634 კმ, რაც 8% -ით აღემატება მერკურის რადიუსს, ჩვენი სისტემის ყველაზე პატარა პლანეტის ზომას.

სატურნი

სიდიდით მეორე და რიგით მეექვსე პლანეტაა მზის სისტემაში. ზედაპირის რადიუსია 57350 კმ, წელიწადი 10 759 დღე (დედამიწის თითქმის 30 წელი). აქ დღე ცოტა მეტხანს გრძელდება, ვიდრე იუპიტერზე – დედამიწის 10.5 საათი. სატურნი სურათებზე ყოველთვის დიდი რგოლით არის აღბეჭდილი. თურმე, ეს რგოლი ყინულებისა და წვრილი ქვების ნატეხებისგან ყოფილა შედგენილი. მიზიდულობის ძალით ეს ნატეხები აქეთ-იქით არ ცვივა და სატურნს გარს აკრავს.დიდი ხნის განმავლობაში, სატურნზე რგოლები ითვლებოდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ უნიკალურ ფენომენად. სულ ახლახანს კი დადგინდა, რომ რგოლები ყველა გაზის გიგანტს (იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი) აქვს, მაგრამ სხვებში ისინი არც ისე მკაფიოდ ჩანს. სატურნს 62 თანამგზავრი ყავს, მათ შორის: ტიტანი, ენცელადუსი, რეა, დიონი, ტეტისი, იაპეტი და მიმასი.

სატურნი
ურანი

ურანი

რიგით მეშვიდე და მესამე უდიდესი პლანეტა, რომლის რადიუსია 25267 კმ. ის სამართლიანად ითვლება ყველაზე ცივ პლანეტად მზის სისტემაში – ტემპერატურა მასზე -224 გრადუს ცელსიუსს აღწევს. წელიწადის ხანგრძლივობა დედამიწის 30,685 დღეა (თითქმის 84 წელი), ხოლო დღე-ღამის ხანგრძლივობა ბევრად არ განსხვავდება დედამიწის დღე-ღამისგან – 17 საათზე ცოტა მეტი. პლანეტის ღერძის ძლიერი დახრილობის გამო, ზოგჯერ ჩანს, თითქოს ის ჩვენი სისტემის დანარჩენი პლანეტებივით კი არ ბრუნავს, არამედ ბურთივით დაგორავს. მას გაცილებით ნაკლები თანამგზავრი ყავს, ვიდრე მეზობელ სატურნს, მხოლოდ 27. ყველაზე ცნობილია ტიტანია, არიელი, ობერონი, უმბრიელი და მირანდა. აღსანიშნავია, როდესაც ასტრონომი უილიამ ჰერშელი  თავისი ტელესკოპით ურანს აკვირდებოდა, თავიდან ვერც კი გააცნობიერა, რომ ის პლანეტას აკვირდებოდა; იგი დარწმუნებული იყო, რომ კომეტას ხედავდა.

ნეპტუნი

მოლურჯო ფერის ცივი პლანეტაა, მასზე არც სინათლეა და არც სითბო. მზის სისტემის რიგით მერვე და ბოლო პლანეტა ძალიან ახლოსაა მის უახლოეს მეზობელთან, ურანთან. ნეპტუნის რადიუსია 24547 კმ. პლანეტაზე ერთი წელი დედამიწის 60,190 დღეა (დაახლოებითდედამიწის 164 წელი). ჩვენს სისტემაში ყველაზე ძლიერი ქარი სწორედ ნეპტუნის ატმოსფეროშია დაფიქსირებული, რომლის სიჩქარე აღწევს 260 მ / წმ. დანარჩენ გიგანტურ პლანეტებთან შედარებით, მას ძალიან ცოტა თანამგზავრი ჰყავს – მხოლოდ 14. მათგან ყველაზე ცნობილია ტრიტონი, პროტეუსი და ნერეიდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი პლანეტა, რომელიც აღმოაჩინეს არა დაკვირვებით, არამედ მათემატიკური გათვლებით.

ნეპტუნი